ელენე სალუქვაძე - გეოგრაფიის დოქტორი, თსუ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, საქართველოს ალ. ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრი.
1977-1982 წ.წ. სწავლობდა ა.ს. პუშკინის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, სპეციალობით გეოგრაფია-ბიოლოგია, რომელიც დაამთავრა წარჩინებით.
1983-1986 წ.წ. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში სპეციალობაზე - „ფიზიკური გეოგრაფია, ლანდშაფტების გეოფიზიკა და გეოქიმია“.
1993 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მსხვილი სამრეწველო ცენტრების საგარეუბნო ზონების ლანდშაფტურ-ეკოლოგიური ანალიზი რაციონალური ბუნებათსარგებლობის მიზნით (ქალაქების თბილისისა და რუსთავის მაგალითზე)“, მიენიჭა გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
მისი კვლევები მოიცავს: ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების ლანდშაფტურ-ეკოლოგიურ შეფასებას და ანალიზს, ბუნებრივი გარემოს ტრანსფორმაციას, ლანდშაფტის პოტენციალის და ეკოლოგიური მდგომარეობის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 5 მონოგრაფია. მონაწილეობდა ადგილობრივ გრანტებში, საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციების მუშაობაში.
მიჰყავდა სალექციო კურსები (ზოგადი დედამიწისმცოდნეობა; ლანდშაფტმცოდნეობა; საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია; კავკასიის ფიზიკური გეოგრაფია, ზოგადი ფიზიკური გეოგრაფია) სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში (თბილისის სულხან საბა ორბელიანის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი 1998-2005, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1999-2003, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2005-2010), 2003 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება.
2014 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.