შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის N FR-23-13630 ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ბაზაზე, 2025 წლის 10 ნოემბერს, ქ. ამბროლაურში, „ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში“, ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „რაჭის სოფლის დასახლებების დეპოპულაცია: სივრცით-დროითი ცვლილებები და თანამედროვე პრობლემები".
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საგრანტო პროექტის მეცნიერ-თანამშრომელთა ჯგუფის წევრები: ნანა ნადარეიშვილი (ხელმძღვანელი), სოფიკო ჯვარშეიშვილი (კოორდინატორი), ნანა კვირკველია და ალექსანდრე შახნაზაროვი. მათ რაჭის სამხარეო ადმინისტრაციის, ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებს პროექტის მიმდინარე შედეგები გააცნეს.
პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დოქტორმა ნანა ნადარეიშვილმა, დამსწრე საზოგადოების წინაშე წარმოადგინა „1990-2024 წლებში რაჭის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკის ანალიზი და საპროგნოზო ვარიაციები“, სოფიკო ჯვარშეიშვილმა ისაუბრა „რაჭის რეგიონის დემოგრაფიული ცვლილებებისა და მოსახლეობის სტრუქტურის“ შესახებ, ნანა კვირკველიამ განიხილა „ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული საველე კვლევების შედეგების შედარებითი ანალიზი“, ხოლო ალექსანდრე შახნაზაროვმა ყურადღება „რაჭის მოსახლეობის მიგრაციის ფაქტორების ანალიზზე“ გაამახვილა.
პრეზენტაციებმა კონფერენციის მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაგრძელდა და დასმული პრობლემური საკითხების ირგვლივ გაიმართა დისკუსია. მასპინძლებმა დიდი მადლობა გადაუხადეს სტუმრებს გაწეული სამუშაოსათვის და კვლევით საქმიანობაში შემდგომი თანამშრომლობისა და მხარდაჭერის სურვილი გამოთქვეს.