გეოგრაფიის ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერმა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების 2022 წლის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.
პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: გეოგრაფიის დოქტორი ლაშა ასანიძე
„მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად იცვლება კვლევითი მეთოდები და სამეცნიერო მიდგომები, რაც თავის მხრივ მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებს მეცნიერებაში. შესაბამისად, ჩვენი პროექტის მთავარი მიზანია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დეტალურად მოვახდინოთ საქართველოს კარსტული ლანდშაფტის შესწავლა და ამასთანავე საქართველოში დავნერგოთ და განვავითაროთ კვლევის უახლესი მეთოდები. ამდენად, ჩვენ გვაქვს კარგი შესაძლებლობა, რომ წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში განვახორციელოთ კარსტული რელიეფის დეტალური ფოტოგრამმეტრიული აგეგმვა უპილოტო საფრენი აპარატით (დრონით), რაც საშუალებას მოგვცემს ეფექტურად მოვახდინოთ კარსტული რელიეფის ფიზიკური მახასიათებლების კომპლექსური შესწავლა და ანალიზი. მითუმეტეს, რომ ფოტოგრამმეტრია არის ციფრული მოდელირების კარგად დამკვიდრებული მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო ალტერნატივას სხვადასხვა ტიპის რელიეფის აეროფოტოგრამმეტრიისა და მსხვილმასშტაბიანი ტოპოგრაფიული რუკების შედგენისათვის“, - ლაშა ასანიძე.