ატმოსფერული ნალექების ეროზიული პოტენციალის მოდელირება და კარტოგრაფირება საქართველოში

დამფინანსებელი: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის დაწყებისა და დამთავრების თარიღი: 2022-2025          

პროექტის ხელმძღვანელი: მარიამ ციცაგი

ძირითადი პერსონალი: მარიამ ციცაგი, ნანა ბოლაშვილი, ზაზა გულაშვილი

პროექტის უცხოელი კონსულტანტი: პროფ. დოქტორი მაიკლ ლოიშნერი, რაინლანდ-პფალცის ტექნიკური უმაღლესი სკოლა, ფიზიკური გეოგრაფიის და კლიმატოლოგიის დეპარტამენტი, აახენი, გერმანია

ანოტაცია

ნიადაგის ეროზია და მასთან გამკლავება თანამედროვე საზოგადოების უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. მასზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას და შესაბამისად ამ საკითხს დიდი ადგილი უკავია ინტერდისციპლინურ კვლევებში. ატმოსფერული ნალექების ეროზიული პოტენციალი (R ფაქტორი) ერთ-ერთია ნიადაგის ეროზიაზე მოქმედი ფაქტორებიდან. მისი განსაზღვრა მნიშვნელოვანია კონკრეტული გეოგრაფიული გარემოსთვის არამხოლოდ ნიადაგის ეროზიის არამედ ჩამონადენის შეფასებისასაც, კლიმატის ცვლილების სამომავლო ზეგავლენის განსაზღვრისთვის და სხვ. წინამდებარე კვლევის მიზანია შევაფასოთ R ფაქტორი საქართველოს ტერიტორიაზე 1930-2020 წწ საკვლევი პერიოდისათვის. მოვახდინოთ მოდელების კალიბრაცია და განვსაზღვროთ საქართველოს ტერიტორიაზე კლიმატის ცალკეული ტიპისათვის რომელი მოდელი იქნება მისაღები R ფაქტორის ნალექების დღიურ მონაცემებზე დაყრდნობით გამოსათვლელად. შევადაროთ მეტეოროლოგიური სადგურების და რადარის მონაცემების გამოყენებით მიღებული R ფაქტორი. განვსაზღვროთ საკვლევი პერიოდის განმავლობაში როგორ იცვლებოდა R ფაქტორი სივრცესა და დროში. მიღებული შედეგების მიხედვით შევადგინოთ იზოეროდენტების ციფრული რუკა და მოვამზადოთ ვებ პორტალი R ფაქტორის სხვადასხვა ინტერვალის მონაცემების საშუალებით გამოსათვლელად. პროექტის შედეგები მნიშვნელოვანია არამარტო საქართველოსთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც, სადაც საქართველოს კლიმატური ტიპების მსგავსი პირობებია. პროექტის ფარგლებში მომზადებული იზოეროდენტების რუკა საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი მიღწევა იქნება. პროექტის მთავარ ღირსებად ჩაითვლება მონოგრაფია ქართულ ენაზე, სადაც ძალიან ბევრი ცნება და ტერმინი პირველად გაჟღერდება ქართულად. პროექტი გაძლიერებულია საერთაშორისო თანამშრომლობით, რაც კვლევების მაღალ დონეზე წარმართვას შეუწყობს ხელს. პროექტის ძლიერი მხარეა მაში ახალგაზრდა მკვლევარების ჩართულობა, რომლებასაც სურვილი აქვთ მაღალი სამეცნიერო ღირებულების პროდუქცია შექმნან და ამოავსონ ის უფსკრული, რომელიც ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობს. წინამდებარე კვლევის შედეგები სამომავლოდ არაერთ პროექტში იქნება გამოყენებული.