გრანტის ნომერი: GNSF/STO6/5-074
სათაური: წყალტუბოს (ყუმისთავის) უნიკალური მღვიმური სისტემისა და მიმდებარე სპელეოობიექტების კვლევა და მათი სამეურნეო გამოყენების პერსპექტივები
დამფინანსებელი: საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის დაწყებისა და დამთავრების თარიღები: 14.11.2006-11.11.2009
პროექტის ხელმძღვანელი: ზურაბ ტატაშიძე
ძირითადი პერსონალი: ზურაბ ტატაშიძე, კუკური წიქარიშვილი, ამირან ჯამრიშვილი, გივი გიგინეიშვილი, გიორგი გელაძე, ზაზა ლეჟავა
ანოტაცია
გასული საუკუნის 80-იან წლებში გეოგრაფიის ინსტუტიტის სპელეოლოგიურმა ექსპედიციამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ.ყუმისთავის მიდამოებში, ზღვის დონიდან 150 მ.სიმაღლეზე მიაკვლია მეცნიერთათვის მანამდე უცნობი მრავალშესასვლელიანი მღვიმური სისტემა. მას შემდეგ, რაც რესპუბლიკის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ მოინახულა მრავალფეროვანი ნაღვენთი ფორმებით შემკობილი მღვიმის ერთ-ერთი მონაკვეთი, გადაწყდა მისი კეთილმოწყობა ტურისტული მიზნებისათვის (დადგენილება № 109,12.02.1985). ამ დადგენილებით გეოგრაფიის ინსტიტუტს დაევალა მღვიმის კომპლექსური მეცნიერული კვლევები. მომდევნო წლებში შესწავლილ იქნა მღვიმური სისტემის მორფოლოგიური, მორფომეტრიული, მორფოგენეტური თავისებურებები, გეოლოგიურ-სტრუქტურული პირობები, მღვიმური სიტემისა და მიმდებარე ტერიტორიების ჰიდროგეოლოგიური პირობები და მღვიმის კლიმატი.
წყალტუბოს კირქვული მასივი წარმოადგენს დაბალი კარსტის განვითარების კლასიკურ მაგალითს და იყოფა დიდვაკის მონოკლინურ პლატოდ, სამგურალის მონოკლინურ ქედად და წყალტუბოს ქვაბულების სისტემად. პირველი ორი გეომორფოლოგიური ერთეული ჰიფსომეტრიულად ყველაზე მაღლა ვითარდება და პალეორელიეფის შთენილებს წარმოადგენენ. დიდვაკის პლატო (700-800 მ) ადრევე მოწყდა ინტენსიური ეროზია-დენუდაციის არეს, ამიტომ ძირითადად შემოინახა მისი ადრინდელი სტრუქტურული სახე. თავდაპირველი რელიეფი ძლიერაა სახეშეცვლილი სამგურალის ქედზე, სადაც ინტენსიური ეროზია-დენუდაციის შედეგად მთლიანად მოიხსნა კირქვის ფენა და მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები შემორჩა მწვერვალებისა და ნახეობრების სახით. საკვლევ ტერიტორიაზე შესანიშნავად არის გამოხატული კარსტული ლანდსაფტი ზედაპირული და მიწისქვეშა ფორმებით. განსაკუთრებით ფარტო გავრცელებას პოულობენ ჩაწოვითი ძაბრები, კარები (შიშველი კარსტისათვის დამახასიათებელი ხნულისებური მიკროფორმები), ქრობადი მდინარეები, იწისქვესა კარსტული ფორმები - ჭები, შახტები და ჰორიზოტული „აქტიური“ მღვიმეები.
კომპლექსური კვლევის შედეგები ავსებს და აფართოებს უკვე ცნობილ მონაცემებს და შეხედულებებს წყალტუბოს მღვიმისა და მიმდებარე სპელეოობიექტების შესახებ დღემდე არსებულ ინფორმაციას, რაც მიზნად ისახავს აღნიშნული სპელეოობიექტების კეთილმოწყობასთან დაკავშირებით, რეგიონში კარსტის განვითარების ზოგადი კანონზომიერების დადგენას, მღვიმური სისტემის მორფოლოგიური, კლიმატური, ჰიდროლოგიური და სხვა თავისებურებების გამოვლენას.
ამ მიზნის მისაღწევად საჭირო გახდა: რელიეფის, როგორც ზედაპირული, ისე კარსტული ფორმების და ნაპრალოვან-კარსტული წყლების კომპლექსური შესწავლა; კარსტული მღვიმეების მანამდე არსებული ტოპოგრაფიული მასალების შევსება, დახვეწა, მათი კადასტრირება და გავრცელების სქემის შედგენა; მღვიმურ სისტემაში (წლის სეზონების მიხედვით) სტაციონარული და ეპიზოდური მეტეოროლოგიური დაკვირვებების წარმოება; მღვიმის ატმოსფეროს ელექტრობის ზოგიერთი ელემენტის (ჰაერის იონიზაცია, რადიოაქტიურობა, ჰაერის აირული და ბაქტეოროლოგიური შედგენილობა) თავისებურებების გამოვლენა; წყალტუბოს მღვიმური სისტემის წყალშემკრები აუზის ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის შემუშავება; თბური შეშფოთების კოეფიციენტის, მღვიმეში შემოსული ჰაერის ხარჯის (სეზონების მიხედვით) და მასთან დაკავშირებული, მღვიმეში ერთდროულად დასაშვები ექსკურსანტების სავარაუდო ოდენობის დადგენა, რაც წარმატებით განხორციელდა პროექტში მონაწილე კვალიფიციური მკვლევარების მიერ.