პროექტის ხელმძღვანელი: დოქტ. ნანა ბოლაშვილი, მთავარი მეცნიერი, საქართველოს მეცნერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, თსუ გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი
გვალვა რთული ბუნებრივი კატასტროფაა, რომელსაც დამღუპველი ზემოქმედება აქვს სოციალურ, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ სფეროზე.
საქართველოში გვალვას, ქვეყნის სოფლის მეურნეობაზე დამოკიდებულების გამო მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები აქვს და მძიმე მდგომარეობაში აყენებს სოფლის მოსახლეობას. უფრო მეტიც, კლიმატის ცვლილების ამჟამინდელი ტენდენციების გათვალისწინებით, გვალვები, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში, უფრო ხშირი იქნება. ამ კონტექსტში, გვალვისთვის მზადყოფნა მთავრობის პრიორიტეტად იქცევა.
მიუხედავად იმისა, რომ გვალვების შეჩერება ან თავიდან აცილება შეუძლებელია, შესაძლებელია მათი შედეგების შერბილება. გვალვის ეფექტური მართვისთვის აუცილებელია რეაქტიულიდან პროაქტიულ მიდგომებზე გადასვლა, ფოკუსირება რისკების შემცირებაზე, პრევენციასა და მდგრადობის გაზრდაზე. ეს გადასვლა აუცილებელია იმისათვის, რომ გვალვა არ იქცეს კატასტროფად.
წარმოდგენილი პროექტი გვთავაზობს გვალვის ანალიზის ახალ ინტეგრირებულ მიდგომას დისტანციური ზონდირების მონაცემების (სატელიტური მონაცემები მცენარეულობისა და ნიადაგის ტენიანობის შესახებ), ხმელეთზე არსებული სადგურის მონაცემების (ჰაერის ტემპერატურა, ნალექი და ა.შ.) და სოციალური ინდიკატორების გაერთიანებით.
კვლევისთვის საჭირო მონაცემებს მოვიპოვებთ სხვადასხვა ღია წყაროებიდან.
კვლევის შედეგები ინოვაციურია, რადგან მათ აქვთ სტრატეგიული მნიშვნელობა მთლიანად ქვეყნისთვის და აქვთ უნივერსალური გამოყენებადობა. ეს პროდუქტი შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ განვითარების გეგმის შესამუშავებლად, არამედ საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედებების კოორდინირებისთვის, სხვა მიზნებთან ერთად.
პროექტი ხელს უწყობს ეროვნული შესაძლებლობების განვითარებას გარემოს მონიტორინგის, დისტანციური ზონდირების, მონაცემთა ანალიტიკისა და კლიმატის მოდელირების სფეროში. ის ასევე ხელს შეუწყობს ინოვაციების სტიმულირებას, წაახალისებს ადგილობრივი ექსპერტიზის განვითარებას და გააძლიერებს ინსტიტუციურ შესაძლებლობებს.
პროექტის მდგრადობას ხელს შეუწყობს კვლევის შედეგების ვებ-გვერდზე განთავსება, სადაც ინფორმაცია მუდმივად განახლდება. იგი ხელმისაწვდომი იქნება ამ სფეროში მომუშავე მეცნიერებისა და ორგანიზაციებისთვის.
პროექტის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპებზე მოხდება მიღებული შედეგების წარდგენა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე. მოეწყობა შეხვედრები და პრეზენტაციები დაინტერესებულ მიზნობრივ ჯგუფებთან.
პროექტში გათვალისწინებულია უცხოელი მრჩევლის მოწვევა, მისი გამოცდილება დიდ სარგებელს მოუტანს მკვლევართა ჯგუფს პროექტის წარმატებით განხორციელებაში.