პროექტის ნომერი: FR-25-6104
პროექტის ხელმძღვანელი: დოქტ. ზაზა ლეჟავა, თსუ გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი
პროექტის განხორციელების თარიღები: 2026-2029 წლები
აღნიშნული ინოვაციური კვლევა ეფუძნება სპელეოთემების (ძირითადად სტალაგმიტები) გეოიზოტოპურ შესწავლას, რაც იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას პალეოკლიმატის შესწავლისა და რეკონსტრუქციისათვის. დღეისათვის სპელეოთემების დათარიღება შესაძლებელია U-Th აბსოლუტური დათარიღების მეთოდის გამოყენებით, ხოლო ჟანგბადის და ნახშირბადის სტაბილური იზოტოპები (δ18O/δ13C) უზრუნველყოფენ უწყვეტ პალეოკლიმატურ ჩანაწერებს. ამრიგად, პირველად საქართველოში, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სპელეოთემებზე დაფუძნებული მაღალი გარჩევადობის ჰოლოცენის კლიმატის რეკონსტრუქცია. სპელეოთემების გეოქიმიური კვლევები საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ წარსული კლიმატის ძირითადი ასპექტები, როგორიცაა საშუალო წლიური ტემპერატურა, ნალექების ცვალებადობა, ატმოსფერული ცირკულაციის ცვლილებები და მრავალი სხვა. ასევე მნიშვნელოვანია ითქვას, რომ პროექტში ჩაერთვებიან ამერიკელი, შვეიცარიელი და იტალიელი მაღალი რანგის პროფესორები, და შესაბამისად, საერთაშორისო თანამშრომლობა იძლევა სრულ გარანტიას, რომ პროექტი განხორციელდება მაღალ დონეზე.