თანამედროვე სამყაროში ინტერნეტი წარმოადგენს ინფორმაციის მოპოვების უახლეს და უსწრაფეს წყაროს. აქედან გამომდინარე, საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნილება ვებ-კარტოგრაფიულ პროდუქტზე, რომელიც ინტერნეტ-სივრცის ბუნებიდან გამომდინარე, საგრძნობლად განსხვავდება ტრადიციული, ბეჭდური კარტოგრაფიული პროდუქტისაგან. ინტერნეტის საშუალებით რუკებმა შეიძინა სრულიად ახალი ფუნქციური შესაძლებლობები: დინამიკურ-ინტერაქტიული თვისებები, როგორიცაა რუკაზე ასახული სტატისტიკური და სივრცული მონაცემების ანალიზი, მონაცემების ოპერატიული დამუშავება, განახლება და სხვ. საზოგადოებისთვის ასეთი ტიპის ატლასები და მათში ასახული ინფორმაცია უფრო მეტად ხელმისაწვდომია.
კვლევის მიზანია, საქართველოს რეალობისთვის, პირველად, შეიქმნას თანამედროვე ტექნოლოგიების და მეთოდების გამოყენებით ახალი ტიპის, ვებ-კარტოგრაფიული რეგიონული ატლასი, რომელიც წინამორბედი ატლასებისგან განსხვავებული იქნება მეცნიერული და ტექნოლოგიური სიახლეებით. კვლევის მიზანს ასევე წარმოადგენს ქვემო ქართლის რეგიონის ბუნებრივ-რესურსული პოტენციალის წარმოჩენა და პოპულარიზაცია. ტრადიციული, ბეჭდური (ქაღალდის) რუკებისგან განსხვავებით, ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს მოახდინოს რუკაზე ასახული სტატისტიკური და სივრცული მონაცემების ანალიზი, მონაცემების ოპერატიული დამუშავება და განახლება. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება გამოსახვის ინოვაციური საშუალებების შერჩევას და მათ ეფექტურ გამოყენებას, რაც მთლიანად ტექნოლოგიურ სიახლეებზეა დამოკიდებული.
ატლასების შექმნის და გამოცემის ძირითადი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მასში გათვალისწინებული უნდა იყოს პირველ რიგში, როგორც ქვეყნის მოსახლეობის, ასევე მისი სტუმრების და ვიზიტორების ინტერესები. ატლასში ასახული თემატური რუკები მათ საშუალებას აძლევს შეისწავლონ და აღმოაჩინონ ქვეყანაში მიმდინარე გეოგრაფიული პროცესები, აგრეთვე წარსული და არსებული სოციალური სიტუაცია. თუმცა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათთვის ასეთი ტიპის ატლასები და მათში ასახული ინფორმაცია იყოს უფრო მეტად ხელმისაწვდომი. ამ მოთხოვნას ზუსტად პასუხობს თანამედროვე ვებ კარტოგრაფია. ელექტრონული ატლასის შექმნა საშუალებას მოგვცემს მარტივად მივიტანოთ სათქმელი ადრესატამდე. ელექტრონული ატლასი შეიძენს ახალ ფუნქციებს, სადაც მომხმარებელი თავად გახდება შემეცნების მონაწილე.
საქართველოში ვებ კარტოგრაფიის მეთოდოლოგია ახალია და ჯერ კიდევ არასრულყოფილადაა დამუშავებული. იმისათვის, რომ დაგეგმილი ამოცანები წარმატებით შესრულდეს აუცილებელია უცხოელ კოლეგებთან კონსულტაციები და ამის საფუძველზე ვებ რუკებისთვის რიგი მეთოდოლოგიური ასპექტების დახვეწა და მათი გამოცდილების გათვალისწინება.
პროექტში გათვალისწინებულია საკონსულტაციო შეხვედრები უნგრელ კოლეგებთან კერძოდ, EOTVOS LORAND UNIVERSITY ინფორმატიკის ფაკულტეტი, კარტოგრაფიისა და გეოინფორმატიკის ინსტიტუტი, რომელიც ვებ-კარტოგრაფიის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ ორგანიზაციას წარმოადგენს. პროექტში გათვალისწინებულია კონსულტანტად დოქტორ László Zentai-ის მოწვევა.